English / ქართული / русский /
ნინო მიქიაშვილი
სიღარიბის მოდელირების ძირითადი მიმართულებები

ანოტაცია. სიღარიბე, როგორც პრობლემა,რთული და მრავალწახნაგაა. იგი რამდენიმე კრიტერიუმით ფასდება და მნიშვნელოვანია, რომ შეფასების სისტემა შესაბამისად ასახავდეს შესასწავლი კონკრეტული ქვეყნისა თუ რეგიონის რეალურ მდგომარეობას და თავისებურებებს. ამიტომაც სიღარიბის ანალიზისა და პროგნოზირების დროს მნიშვნელოვანია მოდელირების მეთოდის გამოყენება. ნაშრომში დახასიათებულია სიღარიბის რამდენიმე ძირითადი მოდელი, მეთოდი და ინდექსი. სიღარიბის შეფასების მოდელების და მეთოდების მრავალფეროვნება გამოწვეულია იმ გარემოებებით, რომლებიც თავს იჩენს კონკრეტულ დროსა და სივრცეში.

საკვანძო სიტყვები: სიღარიბე, სიღარიბის მოდელირება, სიღარიბის ინდექსი, სიღარიბის შემცირება 

შესავალი. მოდელირების პროცესში სიღარიბისა და უთანასწორობის გათვალისწინება აქტუალობას არ კარგავს. სხვადასხვა ეკონომიკური პრობლემის გადაჭრისთვის აგებული ეკონომიკურ-მათემატიკური მოდელი არსებული რეალობის შესწავლას და შემდგომში მის მართვას აუმჯობესებს. ფორსმაჟორულ თუ სრულიად უწყინარ სიტუაციებში სოციალურად დაუცველ მოსახლეობას მეტი უარყოფითი რისკი ემუქრება, ვიდრე მოსახლეობის დანარჩენ ნაწილს. მმართველი და მარეგულირებელი ორგანოები უნდა ცდილობდნენ მოკლევადიანი და გრძელვადიანი პერიოდებისთვის განსაზღვრონ არსებული საფრთხეები და შეიმუშაონ რეალობის შემარბილებელი პოლიტიკა. მოდელირების დროს სასურველია ისეთი მახასიათებლების ჩართვა, რომლებიც მოიცავს სოციალურ ჰეტეროგენობას. ასევე მნიშვნელოვანია ეკონომისტებისა და სხვა სოციალური მეცნიერების წარმომადგენელთა თანამშრომლობა მოდელირების პროცესის სრულყოფის საქმეში.

სიღარიბე ასოცირდებაუუნარობა-უსახსრობის გამო ცხოვრების იმ  წესიდან ჩამო­შორებაში, რომელსაც სასურველად მიიჩნევს კონკრეტული საზოგადოება დროის გარკვეულ პერიოდში. სიღარიბის ცალსახად განმარტება რთულია, რადგან ის, უპირატესად, შედარებითი ხასიათისა. ღარიბი ადამიანი ან ოჯახი მოკლებულია საბაზო მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შესაძლებლობას [Mankiw G, 2016]. სიღარიბის მაჩვენებელი ადგენს მოსახლეობის პროპორციას მოხმარების (შემოსავლის) გარკვეულ ზღვარს ქვემოთ და ზემოთ. სიღარიბის მაჩვენებლები დამოკიდებულია საკლასიფიკაციო ნიშნებზე. განასხვავებენ აბსოლუტურ, ზომიერ, შეფარდებით, რეგისტრირებულ, სიტუაციურ, მემკვიდრეობით, ურბანულ და არაურბანულ, სოციალურ და ა.შ. სიღარიბეს [კაკულია მ, და სხვ., 2017].

სხვადასხვა სახის უარყოფითი რხევა სიღარიბეზე მრავალი არხით მოქმედებს, იქნება ეს საარსებო წყაროს დაკარგვა, მოხმარების შემცირება, არსებული აქტივების დაზიანება ან განულება, ჯანმრთელობის ან/და მწარმოებლურობის დაქვეითებასთან და ა.შ. ლოკალური თუ გლობალური შოკი იწვევს შემოსავლების და ფასების მკვეთრ ცვლილებას, რაზეც ყველაზე მეტად მგრძნობიარე რეაქცია სიღარიბის ზღვარს მიღმა მოსახლეობას აქვს.

ბოლო პერიოდის დაკვირვებით, სავარაუდოდ, თითქმის მილიარდმა ადამიანმა დააღწია თავი უკიდურეს  სიღარიბეს (1,90 აშშ დოლარის ეკვივალენტის მოხმარება დღეში). შესაბამისად, ადამიანის  საბაზისო განვითარება და პროგრესი უფრო ღრმად არის გამოსაკვლევი. ტრადიციულ ინდიკატორებთან ერთად სულ უფრო ფართოდ გამოიყენება შედარებით ახალი, მრავალგანზომილებიანი ინდიკატორები, რომლებიც აღიარებენ ადამიანის მრავალმხრივ ბუნებას. სოციალური გარიყულობის, დაუცველობის, ანუ დეპრივაციის ხარისხი [Smith H, et al, 2020] სიღარიბის გაზომვის შედარებით ახალი სტანდარტია. იგი მოითხოვს არა მარტო მატერიალური, არამედ სოციალური ინდიკატორების გათვალისწინებას. დეპრივაციის რთული მახასიათებელი საზღვრავს ხარისხობრივ „ზღვარს“, რომლის ქვემოთ ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის შემცირება მკვეთრად ზრდის ცხოვრების დონის კლების სიჩქარეს. მსგავსი ანალიზი საკმაოდ შრომატევადია, მაგრამ გაცილებით მეტ ინფორმაციას შეიცავს.

ქვეყნების ან რეგიონების ემპირიულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ღარიბი ქვეყნები და ნებისმიერი ქვეყნის ღარიბი მოსახლეობა უფრო დაუცველია და დაბალი ადაპტაციის უნარის გამო თითქმის არ ძალუძთ მიმდინარე გამოწვევებზე დროული და ადეკვატური რეაგირება. არსებული მდგომარეობის  გამოსასწორებლად, ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის შემქმნელებმა და გამტარებლებმა უნდა იცოდნენ მოქმედების სავარაუდო ვარიანტები შესაბამისი რესურსული უზრუნველყოფით და სამომავლო შედეგების სრული სპექტრი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ადაპტაციის ხარჯები, ბარიერები და შესაძლებლობები სხვადასხვა ქვეყანასა თუ მოსახლეობის დაბალშემოსავლიანი ფენებისთვის.  გასავითარებელია სხვადასხვა ვარიანტის შედარების ტექნიკა, რათა მოხდეს უარყოფითი რხევების ზემოქმედების ეფექტის განსაზღვრა.

სიღარიბის მოდელირება. მოსახლეობის სიღარიბის შეფასების და ანალიზის საინფორმაციო ბაზას წარმოადგენს საოჯახო მეურნეობების კვლევის მასალები. ქვეყნის მოსახლეობის სიღარიბის შეფასების სანდოობის გასაზრდელად შემუშავებულია სპეციალური მეთოდები შერჩევითი ერთობლიობის კვლევის შედეგებიდან მიღებული მაჩვენებლების გადახრების მინიმუმამდე დასაყვანად [გელაშვილი ს, 2019]. აღსანიშნავია, კვლევის მონაცემების ექსტრაპოლაცია გენერალურ ერთობლიობაზე სტატისტიკური შეწონის მეთოდის საშუალებით, ასევე, სიმულაციური მოდელირების მეთოდი. სტატისტიკური შეწონა შეიძლება ადგილმდებარეობის, საოჯახო მეურნეობის, სქესის, ასაკის და ა.შ. მიხედვით. იმავდროულად, გაითვალისწინება დემოგრაფიული სტატისტიკის (სქესობრივი და ასაკობრივი სტრუქტურა) და სოციალური სტატისტიკის (ინსტიტუციური მოსახლეობის რაოდენობა, ადგილმდებარეობა) მონაცემები. სიმულაციური მეთოდის არსი მდგომარეობს შერჩევითი ერთობლიობის ემპირიული განაწილების გენერალური ერთობლიობის შესაბამის განაწილებად გარდაქმნაში.

სიღარიბის დონის ზუსტად შეფასებისთვის განიხილება როგორც საოჯახო მეურნეობები, ასევე მათი შემადგენლობა, რადგან შემოსავლების და დანახარჯების სტრუქტურის ანალიზის გარეშე ადეკვატური დასკვნა ვერ ჩამოყალიბდება. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ შემოთავაზებულია კორექტირებული (ეკვივალენტური) მასშტაბი (სკალა) [OECD (2011)], სადაც: ოჯახის მოზრდილ პირველ წევრს (ოჯახის უფროსს) ენიჭება კოეფიციენტი 1.0, მეორე და შემდგომ უფროს წევრს — 0.5, 14 წლამდე ბავშვს — 0.3. მსგავსი მიდგომა შეფასების  სიზუსტეს ზრდის, თუმცა ეკონომიკის განვითარების დონის, ოჯახის მოწყობის ტრადიციისა და ა.შ. გათვალისწინება კიდევ უფრო გაზრდიდა მის ეფექტიანობას.

სიღარიბის პრობლემის სირთულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მისი მოდელირების მეთოდით შესწავლა. სიღარიბის მოდელირება არის ეკონომიკურ-მათემატიკური მოდელირების პროცესი, რომელიც სხვადასხვა ჯგუფსა თუ რეგიონში აღწერს და ვარაუდობს სიღარიბის დონეს. სიღარიბის მოდელირების ერთ-ერთი ძირითადი მიზანია განსაზღვროს  სიღარიბის დონეზე ყველაზე მეტად მოქმედი ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ აღნიშნული დონის გაზრდა-შემცირებას. მოდელირებისას გამოიყენება სხვადასხვა სტატისტიკური მეთოდი: რეგრესიული ანალიზი (მათ შორის, არამკაფიო რეგრესია), დროითი მწკრივები, მანქანური სწავლება და ა.შ. თითოეული მეთოდი ეფუძნება იმ მაჩვენებელთა სისტემას, რომელიც განსაზღვრავს სიღარიბის ამა თუ იმ სახეს.

სიღარიბის მოდელირება როგორც სამთავრობო, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებს ეხმარება, მოიძიონ ეფექტიანი სტრატეგიები სიღარიბესთან ბრძოლის დროს, გააუმჯობესონ სოციალური დაცვა და ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობის მხარდაჭერა. თუმცა, სიღარიბის მოდელირება საკმაოდ რთულად განსახორციელებელია. იგი, როგორც სხვა სფეროების მოდელირება, საჭიროებს სანდო მონაცემებს და კვალიფიციურ ანალიზს. ცხადია, მხოლოდ ამ შემთხვევაში მოხდება მოდელირების შედეგების ადეკვატური ინტერპრეტაცია და მოსალოდნელი შედეგის, სიღარიბის დონის შემცირების, წინაპირობა იქნება.

სიღარიბის შემსწავლელი რამდენიმე ფართოდ აპრობირებული მოდელი შეიძლება მოიცავდეს: შემოსავლებზე; გასავლებზე; ადამიანისეულ კაპიტალსა და შრომის ბაზრის სტრუქტურაზე დაფუძნებულ სიღარიბის მოდელებს. მოდელირების პროცესის სიღრმისეულად გააზრებისთვის მიზანშეწონილია თითოეული მათგანის ზოგადი დახასიათება, რადგან მათ აქვთ როგორც უპირატესობები, ასევე შეზღუდვები და ნაკლოვანებები. მოდელის კონკრეტული ტიპის (ტიპების) არჩევა დამოკიდებულია მისაღწევ მიზნებსა და გადასაჭრელ ამოცანებზე.

შემოსავლებზე დაფუძნებული სიღარიბის მოდელში სიღარიბე განიმარტება, როგორც შემოსავლის არარსებობა ან შემოსავალი გარკვეულ ზღვარს ქვემოთ. მოდელი ვარგისია სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებსა და რეგიონებს შორის არსებული შემოსავლების შესადარებლად. შემოსავლის ზღვრული მნიშვნელობის დასადგენად გამოიყენება ცნება „სიღარიბის ზღვარი“, ანუ შემოსავლის დონე, რომელიც ძირითადი საარსებო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებელ აუცილებელ მინიმუმს მოიცავს. სიღარიბის ზღვარი განისაზღვრება სხვადასხვა პროდუქტის, საცხოვრებლის, სამედიცინო მომსახურების და ა.შ. ფასების მიხედვით. ხსენებული და სხვა სტატისტიკური მეთოდების გამოყენებით განისაზღვრება ის ფაქტორები, რომლებიც ყველაზე დიდ გავლენას ახდენს შემოსავლებსა და სიღარიბის დონეზე სხვადასხვა სოციალურ ჯგუფსა და რეგიონში. აღნიშნული მოდელი ეფუძნება ვარაუდს იმის შესახებ, რომ, თუ ადამიანს საარსებო მინიმუმს ქვემოთ აქვს შემოსავალი, ვერ შეძლებს აუცილებელი სასიცოცხლო მოთხოვნილებების  დაკმაყოფილებას.

შემოსავლებზე დაფუძნებულ სიღარიბის მოდელს აქვს მთელი რიგი შეზღუდვები. ის არ ითვალისწინებს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა განათლება, ჯანდაცვა და საცხოვრებელი ფართი. არადა მათაც შეუძლიათ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინონ სიღარიბის მაჩვენებლებზე, გარდა ამისა, სიღარიბის ზღვარი შეიძლება იყოს ძალიან მაღალი ან დაბალი, რაც დამოკიდებულია კონკრეტულ რეგიონში საბაზო და ცხოვრების პირობებზე.

დანახარჯებზე დაფუძნებული სიღარიბის მოდელში სიღარიბე განისაზღვრება არასაკმარის დანახარჯად ძირითად საჭიროებებზე, როგორიცაა საკვები, საცხოვრებელი, ჯანდაცვა და განათლება. ეს მოდელი გამოიყენება იმის დასადგენად, თუ რა თანხა სჭირდება საოჯახო მეურნეობას აღნიშნული საბაზო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ამ შემთხვევაში, სიღარიბის მაჩვენებელი განისაზღვრება საოჯახო მეურნეობის დანახარჯების დონის მიხედვით. შემოსავალზე დაფუძნებული მოდელისგან განსხვავებით, სადაც სიღარიბე განისაზღვრება, როგორც შემოსავლის უქონლობა ან შემოსავალი საარსებო ზღვარს ქვემოთ, დანახარჯებზე დაფუძნებული მოდელი სიღარიბეს განსაზღვრავს, როგორც ძირითადი საჭიროებების დაუკმაყოფილებლობას არსებული დანახარჯების მიხედვით. ამ მოდელის ძირითადი ცნებაა „მოხმარებაზე გაწეული მინიმალური დანახარჯი“, ანუ დანახარჯების ის აუცილებელი დონე, რომელიც საბაზო მოთხოვნილებების მოთხოვნად ქცევას სჭირდება. სიღარიბის ზღვარი კი განისაზღვრება სამომხმარებლო კალათის ღირებულების საფუძველზე. საოჯახო მეურნეობების დანახარჯები შეისწავლება მოხმარების კატეგორიების მიხედვით და აქცენტი კეთდება იმ ფაქტორებზე, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ სიღარიბის დონეზე, განისაზღვრება ასევე მოხმარების რომელ კატეგორიას (კატეგორიების) აქვს ყველაზე მეტი გავლენა საშედეგო მაჩვენებელზე და სხვ.

დანახარჯებზე დაფუძნებული სიღარიბის მოდელის ერთ-ერთი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ საბაზო მოთხოვნილებებზე საოჯახო მეურნეობების რეალურ დანახარჯებს ითვალისწინებს და მხოლოდ შემოსავალზე არ ფოკუსირდება. ამასთანავე, მოდელის ფარგლებში ვლინდება, რამდენად ხელმისაწვდომია ესა თუ ის პროდუქცია, დგინდება ცხოვრების ხარისხი და სხვა სოციალური ფაქტორები.

დანახარჯებზე დაფუძნებული მოდელის ნაკლად მიიჩნევა ის, რომ არ ხდება საოჯახო მეურნეობის შემოსავლების ისეთი ნაწილის გათვალისწინება, როგორიცაა ინვესტიციებიდან შემოსავალი ან სხვადასხვა სახის დახმარება. ამასთან, სიღარიბის ზღვარი შეიძლება დაწეული ან აწეული იყოს იმისდა მიხედვით, თუ რა სახის და ხარისხის პროდუქციისგან შედგება სამომხმარებლო კალათა. ე.ი. სამომხმარებლო კალათა არის ძირითადი განმსაზღვრელი და მისი ცვლილება პირდაპირ აისახება სიღარიბის დონის მაჩვენებელში.

სიღარიბის მოდელში  ადამიანისეული კაპიტალის  სიღარიბე განისაზღვრება, როგორც განათლების, ჯანმრთელობისა და ადამიანისეული კაპიტალის სხვა გამოვლინებების ნაკლებობა. ეს მოდელი გამოიყენება იმის შესაფასებლად, თუ როგორ შეუძლია ადამიანისეულ კაპიტალში ინვესტირებას გააუმჯობესოს ცხოვრების დონე და შეამციროს სიღარიბე. ამ შემთხვევაში ცოდნა, უნარი, კვალიფიკაცია და მსგავსი ადამიანისეული კაპიტალის მახასიათებლები განიხილება ეგზოგენურ ფაქტორებად.

მოცემული მოდელი ეყრდნობა ვარაუდს იმის შესახებ, რომ განათლება, ჯანმრთელობა და ადამიანისეულ კაპიტალთან დაკავშირებული სხვა ფაქტორები ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის შემცირებისთვის. სიღარიბის ერთ-ერთ მიზეზად განათლების და კვალიფიკაციის დაბალი დონე ან მიუწვდომლობა სახელდება. ადამიანისეულ კაპიტალზე დაფუძნებული სიღარიბის მოდელი ითვალისწინებს აღნიშნულ ფაქტორს და ვარაუდობს, რომ  ადამიანისეულ კაპიტალში მისი გადალახვა ინვესტირებით არის შესაძლებელი. შესაბამისად, ღარიბ საოჯახო მეურნეობებში შეისწავლება განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის დონე, ასევე ადამიანისეულ კაპიტალთან დაკავშირებული სხვა ფაქტორები. მოდელირების საშუალებით დგინდება, რომელი ფაქტორი (ფაქტორები) არის მეტად მნიშვნელოვანი სიღარიბესთან მიმართებით კონკრეტულ ქვეყანასა თუ რეგიონში ან/და რა ღონისძიებებია გასატარებელი სიღარიბის შესამცირებლად.

ადამიანისეულ კაპიტალზე დაფუძნებული მოდელის უპირატესობად უნდა ჩაითვალოს  გარემოება, რომელიც ითვალისწინებს სამუშაო ძალასთან დაკავშირებულ რამდენიმე ფაქტორს. გარდა ამისა, განისაზღვრება ადამიანისეულ კაპიტალში განხორციელებული  ინვესტიციების რა სახეობები უწყობს ხელს სიღარიბესთან ეფექტიან ბრძოლას. ცხადია, მოცემულ მოდელსაც გააჩნია შეზღუდვები. ის არ ითვალისწინებს სიღარიბის ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა: საცხოვრებლის ხარისხი და ხელმისაწვდომობა, დასაქმება და ა.შ. ამასთან, ადამიანისეულ კაპიტალში ინვესტირება, უმეტეს შემთხვევაში, გრძელვადიანი და ძვირადღირებულია, რაც სოციალურად დაუცველი ფენებისთვის უმეტეს შემთხვევაში გადაულახავ წინააღმდეგობად იქცევა.

შრომის ბაზრის სტრუქტურაზე დაფუძნებულ სიღარიბის მოდელში სიღარიბე განისაზღვრება, როგორც შრომის ბაზარზე არსებული უთანასწორობის შედეგი, რაც ვლინდება დაბალ ხელფასში, უმუშევრობის დონეში, დასაქმების სტრუქტურაში, არასტაბილურ სამუშაოებსა და სხვა ფაქტორებში. მოდელი აფასებს იმ ცვლილებებს, რომლებსაც შეუძლია გააუმჯობესოს ცხოვრების დონე და შეამციროს სიღარიბე.

აღნიშნული მოდელი განიხილავს ჰიპოთეზას იმის შესახებ, რომ შრომის ბაზრის სტრუქტურას აქვს დიდი მნიშვნელობა ეკონომიკის განვითარებასა და სიღარიბესთან ბრძოლის საქმეში. მოცემული მოდელის ფარგლებში, სიღარიბის ძირითად მიზეზად უმუშევრობის მაღალი დონე სახელდება. ივარაუდება, რომ სიღარიბის დაძლევა მოხდება უმუშევრობის დონის შემცირებით და დასაქმების სტრუქტურის გაუმჯობესებით. ასევე ყურადღება გამახვილებულია დასაქმების სტრუქტურასა და ხელფასზე.

შრომის სტრუქტურაზე დაფუძნებული მოდელის უპირატესობა არის დასაქმებასთან და ხელფასთან დაკავშირებული ფაქტორების გათვალისწინება. მათი საშუალებით კი განისაზღვრება ის ღონისძიებები, რომლებიც, ერთი მხრივ, ამცირებს უმუშევრობის დონეს და, მეორე მხრივ, აუმჯობესებს დასაქმების სტრუქტურას, საბოლოოდ კი უფრო ეფექტიანს ხდის სიღარიბესთან ბრძოლას. რა თქმა უნდა, შრომის ბაზრის სტრუქტურის მოდელსაც გააჩნია შეზღუდვები და ნაკლოვანებები. ის მიზეზობრივ ცვლადებად ვერ განიხილავს საცხოვრებლის ხელმისაწვდომობას და ხარისხს, განათლებას, ჯანმრთელობას და სხვა სოციალურ ფაქტორებს. ასევე ფრიად ყურადსაღებია ის გარემოება, რომ შრომის ბაზრის სტრუქტურის ცვლილება მოითხოვს მნიშვნელოვან ცვლილებებს ეკონომიკაში და დიდ შრომით და დროით დანახარჯებს.

სიღარიბის მოდელირების პროცესში გასათვალისწინებელია ისეთი სოციალურ-ეკონომიკური მახასიათებლები (ინდიკატორები) როგორიცაა: დასახლების ტიპი (ქალაქი, სოფელი), საოჯახო მეურნეობის ტიპი (მარტოხელა, უშვილო, ბავშვებთან ერთად), ბავშვებისა და მოზრდილების, დასაქმებულთა და უმუშევართა რაოდენობა, ოჯახის უფროსის სოციალური მდგომარეობა და განათლება, დაკავებული საცხოვრებლის ტიპი და ფართობი, ქონებრივი მდგომარეობა, გრძელვადიანი მოხმარების საქონლისადმი ხელმისაწვდომობა, შემოსავლის სტრუქტურა შემოსავლის ძირითადი წყაროს მითითებით, დანახარჯები, საკვები პროდუქტების მოხმარება (მათ შორის, კერძო ნაკვეთებში წარმოებულის), საკვების კალორიულობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის სუბიექტური შეფასება და ა.შ.

სიღარიბის პრობლემის შესწავლისას, ცხადია, გასათვალისწინებელია განუსა­ზღვრელობა, რომელიც სტატისტიკური მონაცემის ცდომილების, სხვადასხვა გაუთვალისწინებელი ფაქტორების და ა.შ. მიზეზით გავლენას ახდენს სიღარიბის რაოდენობრივ მაჩვენებლებზე. სიღარიბის დონის შესაფასებლად გამოიყენება რეგრესიული ანალიზის, მათ შორის, არამკაფიო (Fuzzy) რეგრესიის შესაძლებლობები [ანანიაშვილი, 2012; ვულდრიჯი, 2016]. ეგზოგენურ ფაქტორებად მიიჩნევა: მოსახლეობის შემოსავლები, საარსებო მინიმუმი, საოჯახო მეურნეობის ზომა, უმუშევრობის დონე, ინფლაციის დონე და მსგავსი მაჩვენებლები. არამკაფიო რეგრესია საშუალებას იძლევა ეკონომიკურ პარამეტრებთან მიმართებით განისაზღვროს უფრო ზუსტი პროგნოზი. არამკაფიო წრფივი რეგრესია ჰ. ტანაკამ დაამუშავა ს. უეჯიმთან, კ. ასაიმთან და ი. ვატადამთან ერთად [Tanaka  et. 1982]. ამ რეგრესიით აღიწერება ცვლადებს შორის ნაკლებად ზუსტი და ბუნდოვანი კავშირები არამკაფიო პარამეტრებით, ყალიბდება წრფივი პროგრამირების ამოცანა ცხადად განსაზღვრული დამოკიდებული ცვლადისთვის და არაცხადი (არამკაფიო) დამოუკიდებელი ცვლადისთვის. აღნიშნული მოდელისთვის გადაიჭრება წრფივი პროგრამირების ამოცანა და განისაზღვრება კავშირი სიღარიბის დონესა და მასზე მოქმედ ძირითად ფაქტორებს შორის.

სიღარიბის ინდექსი.  სიღარიბის დადგენილი დონის ქვემოთ მყოფი ადამიანების რაოდენობის, ისევე როგორც მოსახლეობაში მათი წილის დადგენა, ვერ განსაზღვრავს, თუ რამდენად ღარიბია ესა თუ ის პიროვნება (ცარციძე, 2022). სიღარიბის გავრცობის ხარისხის შესაფასებლად უპირატესად გამოიყენება სხვადასხვა ინდექსი. ამჯერად სამ მათგანზე გამახვილდება ყურადღება. ესენია: მრავალგანზომილებიანი სიღარიბის ინდექსი, სიღარიბის სიმწვავის (სიმძიმის) ინდექსი და ფოსტერ-გრიერ-ტორბეკის სიღარიბის სიღრმის ინდექსი.

მრავალგანზომილებიანი სიღარიბის ინდექსი (Multidimensional Poverty Index - MPI). [Alkire S. et al, 2014] ადამიანის კეთილდღეობის ინდიკატორების მრავალფეროვან კომპლექტს მოიცავს. იგი შექმნილია იმისთვის, რომ უზრუნველყოს სიღარიბის უფრო სრულყოფილი და ღრმა გაგება, რაც ითვალისწინებს არა მხოლოდ შემოსავლის ასპექტს, არამედ ცხოვრების სხვა ძირითად ასპექტებსაც. მრავალგანზომილებიანი სიღარიბის ინდექსი შეიმუშავა და დანერგა გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 2010 წელს ამავე ორგანიზაციის ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის, აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების ეკონომიკურ კომისიებთან თანამშრომლობით. მოცემული ინდექსი მხარდაჭერილია რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის მიერ.

მრავალგანზომილებიანი სიღარიბის ინდექსი ითვალისწინებს სიღარიბის რამდენიმე განზომილებას (განათლების დონე, საგანმანათლებლო მიღწევები, ჯანმრთელობა, ცხოვ­რების დონე და სხვა სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლები) და ქვეგანზომილებას (განათლებაზე ხელმისაწვდომობა, სახელმძღვანელოები, პედაგოგების კვალიფიკაცია, ინფრასტრუქტურა და ა.შ.). ინდექსით განისაზღვრება ცალკეული საოჯახო მეურნეობების სიღარიბის ან დაუცველობის ქულა თითოეულ განზომილებაში მათი სტატუსის მიხედვით. შემდეგ ეს ქულები ჯამდება სიღარიბის საერთო ინდექსის მისაღებად. რაც უფრო მაღალია მრავალგანზომილებიანი სიღარიბის ინდექსი, მით საგანგაშოა სიღარიბის დონე.

თითოეული ინდიკატორისთვის განსაზღვრულია ზღვრული მნიშვნელობა, რაც მიუთითებს მოცემულ განზომილებაში პროდუქციის ხელმიუწვდომლობის არსებობა-არარსებობაზე. გაანგარიშების პროცესი რამდენიმე ეტაპად იყოფა [Alkire S. et al, 2014]:

  1. განისაზღვრება ინდიკატორები და მათი ზღვრული მნიშვნელობები;
  2. ინდიკატორებისა და ზღვრული მნიშვნელობების საფუძველზე დგინდება ყოველი საოჯახო მეურნეობის სიღარიბის ან ხელმიუწვდომლობის (დეპრივაციის) სტატუსი;
  3. გამოითვლება H (Headcount ratio) კოეფიციენტი ღარიბი ან დაუცველი საოჯახო მეურნეობების გაყოფით საოჯახო მეურნეობების საერთო რიცხვზე;
  4. გამოითვლება A (Intensity of deprivation) კოეფიციენტი ყველა ღარიბი და დაუცველი სტატუსის მქონე საოჯახო მეურნეობის გასაშუალოებით, მათი შეწონვით სიღარიბის და დაუცველობის დონის მიხედვით;
  5. საბოლოო ინდექსი გამოითვლება როგორც ორი, H და A, კოეფიციენტის ნამრავლი.

ამდენად, მრავალგანზომილებიანი სიღარიბის ინდექსი გამოითვლება შემდეგი ფორმულით: MPI = H × A, სადაც: H (Hadcount ratio) არის ღარიბი ან დაუცველი საოჯახო მეურნეობების რაოდენობის თანაფარდობა, ანუ მრავალგანზომილებიან სიღარიბეში მყოფი მოსახლეობის პროპორცია; A (Intensity of deprivation) — ხელმიუწვდომლობის (დეპრივაციის) ინტენსივობა, რომელიც ასახავს სიღარიბის დონეს ან სასურველი პროდუქციის ვერმიღების ხარისხს, რომლითაც ხასიათდება სოციალურად დაუცველი საოჯახო მეურნეობები.

მოცემული ინდექსი საშუალებას აძლევს მთავრობებს და პოლიტიკის შემქმნელებს, რომ უფრო ზუსტად შეაფასონ და გააანალიზონ სიღარიბის დონე თავიანთ ქვეყნებსა და რეგიონებში, განახორციელონ მიზანმიმართული ქმედებები ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად და სიღარიბის შესამცირებლად სხვადასხვა განზომილებაში.

მრავალგანზომილებიანი სიღარიბის ინდიკატორით სიღარიბის დონის გამოთვლა ან არსებული ცვლილების სხვაობის შეფასება საჭიროებს მონაცემთა სათანადო მომზადებას სიღარიბის თითოეული განზომილებისა და ინდიკატორისთვის [UNDP, 2019]. ის ინფორმაციული თვალსაზრისით გაცილებით სრულყოფილად ასახავს რეალობას. გაზომვის გაფართოებულ სქემას დამატებითი სარგებელი მოაქვს, რაც მდგრადი განვითარების მიზნების და მათი მიღწევის საშუალებების შედარების საშუალებას იძლევა. რისკების ზემოქმედების შემსწავლელი ინტეგრირებული კვლევები სიღარიბის ეროვნულ განმასხვავებლებზე აკეთებს აქცენტს და განიხილავს ე.წ. „საფრთხის მულტიპლიკატორს“, რომელიც აერთიანებს სიღარიბის ძირითად რისკებს. ამასთან, ინდექსის გამოთვლის მეთოდოლოგია ზუსტდება კონკრეტული კვლევის მიზნებიდან გამომდინარე. მრავალგანზომილებიანი, ჩაღრმავებული კვლევა საოჯახო მეურნეობების უფრო დეტალიზებულ განხილვას მოითხოვს, რაც მონაცემების ზრდის აუცილებლობას ეფუძნება. საოჯახო მეურნეობების ტიპების გაფართოების პარალელურად მუშავდება მიკროსიმულაციური მოდელები ან/და შემოსავლის და მოხმარების სამომავლო სცენარები.

სიღარიბის სიმძიმის ინდექსი (Poverty Severity Index – PSI) არის ინდიკატორი, რომელიც გამოიყენება სიღარიბის დონის გასაზომად კონკრეტულ ქვეყანაში ან რეგიონში. როგორც წესი, ის ითვალისწინებს არა მხოლოდ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები მოსახლეობის პროცენტს, არამედ სიღარიბის სიღრმესაც, ანუ რამდენად დაშორებულები არიან ადამიანები საარსებო მინიმუმისგან. მოცემული ინდექსი გამოითვლება სხვადასხვა გზით შესაბამისი ფაქტორებით და ცვლადებით. ზოგიერთი მათგანი მოიცავს შემოსავლის დონეს, ძირითად მომსახურებაზე წვდომას (განათლება, ჯანდაცვა, საცხოვრებელი ფართი), უმუშევრობის დონეს და სხვა სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლებს [Nardo M et al, 2005].

სიღარიბის სიმძიმის ინდექსის მნიშვნელობა მერყეობს 0-დან 100-მდე, სადაც მაღალი მნიშვნელობა მიუთითებს მოსახლეობის სიღარიბის მაღალ დონეს (სიმძიმეს). ეს მაჩვენებელი ეხმარება მთავრობას და ორგანიზაციებს გაიგონ, რამდენად მწვავეა სიღარიბის პრობლემა და რა ზომების მიღება შეიძლება მის შესამცირებლად. სიღარიბის სიმძიმის ინდექსის გამოთვლის ფორმულა განსხვავებულია მეთოდოლოგიის მიხედვით, თუმცა ზოგადი მიდგომის მიხედვით, სიღარიბის სიმძიმის ინდექსი შემდეგნაირად გამოითვლება:  , სადაც PSI არის სიღარიბის სიმძიმის ინდექსი,WpIph — ღარიბშემოსავლიანი ოჯახების წილი,  Iph — ღარიბი ოჯახების შემოსავლების დონე, Wp — ღარიბი მოსახლეობის მთლიანი წილი, I — ყველა ოჯახის შემოსავლის დონე.

ღარიბი ოჯახების შემოსავლის დონე (Iph) განისაზღვრება როგორც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების საშუალო შემოსავალი ან ამ კატეგორიის ოჯახების შემოსავლების განაწილება; ღარიბშემოსავლიანი ოჯახების წილი (WpIph) მოსახლეობის იმ პროცენტს გულისხმობს, რომელიც სიღარიბის ზღვარს მიღმა არის და მოცემული კატეგორიის შესაბამისი შემოსავალი გააჩნია; ღარიბი მოსახლეობის მთლიანი წილი (Wp) განისაზღვრება როგორც მოსახლეობის ღარიბი ნაწილის პროცენტი; ყველა ოჯახის შემოსავლის დონე (I) კი არის ქვეყანასა თუ რეგიონში ყველა ოჯახის საშუალო შემოსავალი ან ამ შემოსავლის განაწილება.

ფოსტერ-გრეიერ-ტორბეკის სიღარიბის სიღრმის ინდექსით (Foster-Greer-Thorbecke Poverty Index) (Foster J, et al, 2010) გაიანგარიშება შემოსავლების (გასავლების) გადახრა საარსებო მინიმუმიდან და ითვალისწინებს როგორც ღარიბი ადამიანების წილს, ასევე სიღარიბის ინტენსივობას, ანუ ღარიბი მოსახლეობის შემოსავლებში უთანასწორობას. იგი გამოისახება მოსახლეობის მთლიანი რიცხოვნობის შემოსავლის დეფიციტით.

ფორესტ-გრეიერ-ტორბეკის ინდექსი გაიანგარიშება ფორმულით: Hα =(∑(z-y)α)/n, სადაც Hα არის სიღარიბის სიღრმის ინდექსი; n  — დაკვირვების ერთობლიობაში ადამიანების ან საოჯახო მეურნეობების რაოდენობაა; z — სიღარიბის ზღვარი; y — შერჩეული ინდივიდის ან საოჯახო მეურნეობის შემოსავლის დონე; α — პარამეტრი, რომელიც განსაზღვრავს ინდექსის მგრძნობელობის ხარისხს სიღარიბის ინტენსივობის ცვლილებისადმი. როგორც წესი, ის იღებს მნიშვნელობას 0-დან 2-მდე, სადაც 0 შეესაბამება ფოსტერ-გრიერის კლასიკურ ინდექსს, ხოლო 1 და 2 მიანიშნებს მეტ მგრძნობელობას ღარიბ მოსახლეობაში შემოსავლების უთანაბრო განაწილებაზე. ცხადია, რაც მეტია აღნიშნული ინდექსი, მით მეტად ღრმა არის სიღარიბე და ღარიბ ფენებს შორის შემოსავლების განაწილებაში უთანაბრობა [Foster J. et al, 1984]. ამდენად, ფორესტ-გრეიერ-ტორბეკის ინდექსი საშუალებას იძლევა გათვალისწინებული იყოს როგორც ღარიბ ადამიანთა რიცხოვნობა, ასევე მათი შეფარდებითი სიღარიბეც. ამიტომაც ეს ინდექსი ფართოდ გამოიყენება სიღარიბის ანალიზისა და სიღარიბესთან ბრძოლის პროგრამების ეფექტიანობის განსაზღვრის მიზნით.

სიღარიბის სიმწვავის და სიღრმის ერთ ინდექსში გაერთიანებაც ხდება, თუ იგი გაიანგარიშება როგორც: , სადაც N აღნიშნავს საოჯახო მეურნეობების რაოდენობას; n — საარსებო მინიმუმზე მცირეშემოსავლიანი გამოკითხული საოჯახო მეურნეობების რაოდენობას; Lminj — საარსებო მინიმუმს j-ური საოჯახო მეურნეობისთვის; Ij — მცირეშემოსავლიანი (საარსებო მინიმუმამდე) j-ური საოჯახო მეურნეობის ფაქტობრივ შემოსავალს. p=1, თუ გამოსათვლელია სიღარიბის სიღრმე, p=2, თუ გამოსათვლელია სიღარიბის სიმწვავე.

მოცემული და სხვა ინდექსებით იქმნება ის თეორიული გაანგარიშების მეთოდიკა, რომელიც სიღარიბის გამოკვლევის და შეფასების დამატებით შესაძლებლობებს ქმნის.

დასკვნები. სიღარიბესა და უთანასწორობაზე მოქმედი ფაქტორების (შემოსავალი, მოხმარება და აქტივები) მაკროეკონომიკურ მოდელში ჩართვა მოითხოვს დამატებით ძალისხმევას. უპრიანია ურბანული და არაურბანული ეკონომიკური მოდელების განხილვა, რომლებიც მოიცავს როგორც მოხმარების, ასევე შემოსავლის გვერდით ეფექტებს. შემოსავლის ეფექტის მოდელებში ჩართვა მოითხოვს შრომის მწარმოებლურობის მოდელირებას, რაც უშუალოდ გავლენას ახდენს ფიზიკური პირის (ოჯახის) შემოსავალზე შრომის ანაზღაურების საშუალებით, ხოლო ირიბად ზემოქმედებს შრომის მთლიან, მაკროეკონომიკურ მწარმოებლურობაზე. ასევე მნიშვნელოვანია კაპიტალის აქტივების ცვლილებების გათვალისწინება, რომლებიც გავლენას ახდენს მომავალ შემოსავალსა და მოხმარების ნაკადებზე. თუმცა მსგავსი მიდგომა შეიძლება არ ეხებოდეს წარმოების ფუნქციებით აღწერილ კაპიტალის/შრომის ფიქსირებული წილების მაკროეკონომიკური ზრდის გარკვეულ ტიპებს.

სიღარიბის მოდელირებისთვის გამოიყენება სხვადასხვა  კრიტერიუმი. ზოგიერთ ქვეყანაში ეს არის სამომხმარებლო დანახარჯი ან გაანგარიშების მეთოდოლოგიით მასთან ახლოს მდგომი ინდიკატორი, ზოგან კი ფულადი ხარჯების საფუძველზე გამოთვლილი მაჩვენებლები.  მის გამოსათვლელად, ოჯახში ცხოვრების ეფექტის შესაფასებლად გამოყე­ნებულია ეკვივალენტურობის სხვადასხვა მასშტაბი. სიღარიბის და ცხოვრების ღირებულებით შეფასებისას მნიშვნელოვანია სამომხმარებლო კალათის შემადგენლობა, მასში ასახული ეროვნული, კლიმატური და სხვა თავისებურებებით. სიღარიბის დონის მოდელირებით დგინდება სიღარიბის მატერიალური წყაროები და დახმარების ეფექტიანობა, მზადდება ანალიტიკური ანგარიშები, სტატისტიკური ბიულეტენები და ა.შ.

სიღარიბის შეფასების სრულყოფილი მეთოდი არ არსებობს, რადგან ფარდობითი სიღარიბის შეფასებისას არსებული პროპორციის შემცირების მიზეზი შეიძლება იყოს კეთილდღეობის რეალური ზრდა ან მედიანური დონის შემცირება. აბსოლუტური სიღარიბის მანიპულირება კი მარტივია სასურსათო კალათის კალორიული შემცველობით ან სხვა კრიტერიუმით.

სიღარიბის შეფასებასთან დაკავშირებული პრობლემები სუსტდება, თუ მეტადაა გათვალისწინებული ეროვნული და რეგიონული თავისებურებები; მაჩვენებლების  სანდოობის გასაუმჯობესებლად მუშავდება და იხვეწება სიღარიბის შემფასებელი სტატისტიკური და ეკონომიკურ-მათემატიკური მოდელები და სხვ. ეკონომიკურ-სტატისტიკური მეთოდებისა და მოდელების სრულყოფის კვალობაზე სიღარიბის შეფასების მექანიზმიც დაიხვეწება, რაც სიღარიბის პრობლემის უფრო ღრმა შესწავლის და ანალიზის საფუძველი გახდება.

მთავრობის როლი როგორც უთანასწორობის ჩამოყალიბებაში, ასევე მის აღმოფხვრაში იმდენად დომინანტურია, რომ ეკონომიკურ-მათემატიკური მოდელებში ჩართული უნდა იყოს ეკონომიკური პოლიტიკის მექანიზმები. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ანანიაშვილი ი., 2012. ეკონომეტრიკა. თბილისი. მერიდიანი.
  2. გელაშვილი ს., 2019. შესავალი სტატისტიკურ პროგნოზირებაში. თბილისი. უნივერსალი.
  3. ვულდრიჯი ჯ., 2016. შესავალი ეკონომეტრიკაში. თბილისი. თსუ-ის გამომცემლობა.
  4. კაკულია მ., კაპანაძე ნ., ქურხული ლ., 2017. ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა საქართველოში. ეკონომიკურ-სტატისტიკური გამოკვლევა. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი. თბილისი.
  5. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. მოძიებულია https://geostat.ge -დან.
  6. ცარციძე მ., 2022. უმუშევრობა და სიღარიბე საქართველოში. თბილისი. უნივერსიტეტის გამომცემლობა.
  7. Alkire S. & Santos M. E. 2014. Measuring Acute Poverty in the Developing World: Robustness and Scope of the Multidimensional Poverty Index. World Dev. 59, 251–274
  8. Alkire S., & Roche J. M. 2017. Multidimensional poverty measurement. In The Oxford Handbook of Economic Inequality (pp. 259-280). Oxford University Press.
  9. Foster J., Greer J., & Thorbecke E. 2010. The Foster–Greer–Thorbecke (FGT) poverty measures: 25 years later. The Journal of Economic Inequality. 8 (4)
  10. Foster J. E., Greer J., & Thorbecke E. 1984. A class of decomposable poverty measures. Econometrica: Journal of the Econometric Society, 52(3), 761-766.
  11. Mankiw, G. 2016. Principles of Economics. Boston. Cengage.
  12. Nardo M., Saisana M., Saltelli A., Tarantola S., Hoffman, A., & Giovannini, E. 2005. Handbook on constructing composite indicators: Methodology and user guide. Paris, France: OECD Publishing.
  13. Smith H., Pettgrew T., & Huo I. 2020. Relative Deprivation Theory: Advances and Applications. In book: Social Comparison, Judgment, and Behavior.
  14. Shapiro A. F. 2005. Fuzzy regression models. ACM, Penn State University.
  15. Tanaka H., Uejima S., & Asai K. 1982. Linear regression analysis with fuzzy model. IEEE Transactions on Systems, Man, and Cybernetics, Vol. 12.
  16. World Bank. 2022. Poverty. Retrieved from https://www.worldbank.org/en/topic/poverty